"იმედი მაქვს, რომ რაღაცა ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებზე არ არის საუბარი, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული მოქმედება ჰქონდეთ ჩაფიქრებული ან საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ან საერთაშორისო არენაზე საქართველოს იმიჯის შესალახად", _ აცხადებს უმრავლესობის ერთ -ერთი ლიდერი გიგი წერეთელი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რუსული "გრუ"-ს ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
"არ გავცნობივარ განცხადებას. გაურკვეველი განცხადებაა, რადგან არ ეხება კონრეტულ საკითხს. გამოკვეთილი უნდა იყოს თუ საიდან ელოდებიან საფრთხეს. ეს ეხება რუსეთის გაწევრიანებას ვმო-ში, ოლიამპიადას თუ რას?! ჩემთვის გაუგებარია. შედარებით უფრო გასაგებია ამ ორგანიზაციის ხელწერა. საკმაოდ ხშირია ხოლმე, რომ ასეთი განცხადებებს მაშინ მიმართავენ ხოლმე, როდესაც თვითონ აქვთ დაგეგმილი პროვოკაციები", _ აცხადებს წერეთელი და აღნიშნავს, რომ ნამდვილად ძნელად საპროგნოზოა თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან განხორციელებული.
"მათი პროვოკაციების დიაპაზონი ძალიან ფართოა. დაწყებული შიდა არეულობების მცდელობით, დასრულებული ომით, რომელიც 2008 წელს საქართველოს გაუმართეს. იმედი მაქვს, რომ რაღაცა ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებზე არ არის საუბარი, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული მოქმედება ჰქონდეთ ჩაფიქრებული ან საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ან საერთაშორისო არენაზე საქართველოს იმიჯის შესალახად", _ აცხადებს წერეთელი.
მისივე თქმით, ასეთი ტიპის ზოგადი განცხადებები, თავად რუსეთის აქციაზე უნდა მეტყველებდეს და ალბათ ყურადსაღებია ასეთი განცხადებები და გარკვეული ანალიზი უნდა გაკეთდეს, თუ რას უკავშირდება გრუ-ს ასეთი ტიპის აქტივობა.
შეგახსენებთ, რომ განცხადებაში რუსული "გრუ" პირობას დებს, რომ საქართველოს მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე პასუხი, რომელიც რუსეთისა და რეგიონში მისი მოკავშირეების წინააღმდეგ იქნება მიმართული დაუყოვნებლივი იქნება.