"ველოდი ამ კითხვას - რომ კრემლის აგენტი და პროექტი ვარ. ეს ჩემი მოსვლის დღიდან მუსირებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრეკონფერენციაზე, კითხვაზე - მიიჩნევს თუ არა თავს კრემლის უკანასკნელ იმედად საქართველოში.
"ძირითადი შეტევა ამ კუთხით ხორციელდება და მუდმივად ჟღერს ქართულ პრესაში. კრემლის აგენტსა და კრემლის პროექტს მიწოდებენ. სულ ეს ტრიალებს ამ სამ არხზე და სხვა საინფორმაციო საშუალებებში. ეს ყველაფერი ერთი აზრის მატარებელია - ის არის მტრული დამოკიდებულებით მოგზავნილი რუსეთიდან, რათა საქართველოს უმტროს, დაახლოებით ასე ტრანსფორმირდება ეს აზრი", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს: "9 წელიწადია რუსეთში არ ვყოფილვარ. ამის ერთი ფაქტიც არ არსებობს და მაინც რჩება ასეთი ილუზია იმის".
ივანიშვილის განცხადებით, ადამიანის ქმედებით უნდა შევაფასოთ, რამდენად მტრული შეიძლება ის იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
"მე პოლიტიკაში მოვედი, კორექტირება გავაკეთე ჩემი მსოფლმხედველობის და ჩემს გაკეთებულზე თვითონვე ვსაუბრობ, რაც ძალიან მერიდებოდა", _ აცხადებს ბიზნესმენი და იხსენებს: "20 წლის წინ გავცელდა ინფორმაცია, რომ 450 ტრაქტორი გამოვგზავნე საქართველოში. აქედან მოყოლებული, სიკეთის მეტი ჩემი ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია. რა გაძლევთ ამის ტრიალის საშუალებას მუდმივად, რომ ასეთი ეჭვები გაქვთ, თითქოს მე შეიძლება საქართველოთვის რაიმე საშინელება ჩავიდინო", _ აცხადებს ბიზნესმენი და აღნიშნავს, რომ თუ მტრობაზეა საუბარი, საქართველოში კარგი მაგალითები მოიძებნება.