ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით "რესპუბლიკელებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" კონსულტაციები უკვე გამართა. ეს განცხადება დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე თავად ივანიშვილმა გაკეთა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ აპირებს არჩევნებში გამარჯვებას საარჩევნო სიების დაზუსტების გარეშე.
"დღეს გუნდის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ მსგავსი კითხვების განხილვა უკვე მოვახერხე რესპუბლიკელებთან და ალასანიას პარტიასთან", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.
"მათ აქვთ მექანიზმი, ემზადებიან იმისთვის, რომ ტოტალური გაყალბება მოახდინონ. გაძლევთ პირობას, რომ ეს არჩევნები იქნება აბსულუტურად განსხვავებული და ნუ აქვთ ილუზია სააკაშვილსა და მის გარემოცვას, რომ მსგავსი რამ მოხდება. სააკაშვილს დღეს საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას. საკუთარ გარემოცვასაც კი აღარ სჭირდება დღეს სააკაშვილი და მისი ქცევები და ძალადობა არა მარტო ქართულ მოსახლეობაზე მთლიანად, არამედ ახლო გარემოცვაზედაც ძალიან კარგად ვიცი, როგორც ხორციელდება", _ აცხადებს ბიზნესმენი და დასძენს, რომ სააკაშვილი რეალურად ვერ მიიღებს ხმების იმ რაოდენობას, რომლის გაყალბების შემდეგაც შესაძლებელი იქნება მისი გაფორმება.
"ის მიიღებს ძალიან ცოტა ხმებს და ვერ მოახერხებს გაყალბებული არჩევნების გაფორმებას. არჩევნების გზით შევცვლით სააკაშვილის ხელისუფლებას", _ აცხადებს ივანიშვილი.