"საწარმო საქართველოში ნაყიდი ნამდვილად არ მაქვს და არც მომავალში ვაპირებ", _ განაცხადა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისში მოწყობილ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვაზე, რა საწარმოები აქვს ნაყიდი და რის ყიდვას აპირებს ივანიშვილი.
"ალბათ, თქვენ მხედველობაში გაქვთ ის, რომ ქველმოქმედება არის უკეთესი ფორმა იმისა, რომ დაეხმარო სამშობლოს და მოსახლეობას. კარგად მესმის, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა რაც შეიძლება ბევრმა ხალხმა საკუთარი შრომით მოახერხოს ოჯახის რჩენა", _ აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, რომ ამ კუთხით საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.
"მე ვერ მოვახერხე ბიზნესის ჩამოყალიბება საქართველოში. გამართლება მაქვს ერთი ის, რომ მასშტაბები ჩემი დიდი იყო. პატარა ბიზნესს და დიდ ბიზნესს ერთნაირი ყურადღება უნდა, ერთნაირ მმართველობას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მივიღებთ", _ აცხადებს ივანიშვილი და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი ძირითადი ყურადღება სამუშაო ადგილების შექმნაზე იქნება გადატანილი.
"საქართველოში ყველა უნდა დასაქმდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გამდიდრდეს და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა", _ აცხადებს ბიზნესმენი.