"ეს ყველაფერი, გარკვეულწილად თამაშია, რომელშიც საქართველოს თავისი როლი ეკისრებოდა. მემგონი, ეს თამაში მიდის ფინალამდე - ან რუსეთი წლის ბოლომდე გაწევრიანდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ან საერთოდ არა", _ აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქართული მხარის მიერ შვეიცარიელი შუამავლების წინადადებაზე დათანხმების კომენტირებისას, რომლებიც რუსეთს ვმო-ს წევრობისკენ გზას უხსნის.
"რუსეთი დასთანხმდება თუ არა ამ წინადადებას, მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ქართული მხარის მიერ პოზიციის შერბილება ბევრწილად ევროკავშირის პოზიციაზეა დამოკიდებული", _ აცხადებს არეშიძე.
მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ეს კამათი მიდიოდა, იყო კიდევ გარკვეულწილად შეთანხმებითი პროცესი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ შეუთანხმებელ რიგ საკითხებზე.
"ევროკავშირი მომხრე არ იყო, ამ პირობების გარეშე რუსეთი შესულიყო ვმო-ში. თუმცა საზოგადო ლაპარაკის დროს ამბობდნენ საპირისპიროს, რომ მათ რუსეთის ვმო-ს წევრობა სურდათ. სინამდვილეში, უთანხმოების რამდენიმე ფაქტორი არსებობდა. მათ შორის, სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავების გადაადგილების რეჟიმი რუსეთის ტერიტორიის თავზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირი და რუსეთი ტარიფებზე ვერ თანხმდებოდნენ", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ თუ საქართველო და რუსეთი საზოგადოდ იბრძოდნენ, ევროკავშირი იქ ჩუმად ცდილობდა, რაღაც მოეგვარებინა.
"პრინციპში, როცა მოაგვარეს, მთელი აქცენტი გაკეთდა ქართულ-რუსულ დიალოგზე და როგორც ჩანს, საქართველომ აქ გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილება აირჩია. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა ტიპის შეთანხმება მიიღეს, რას დათანხმდა ქართული მხარე, როგორ იქნება და რა მექანიზმებით იქნება ტვირთების გადაადგილება შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართულმა მხარემ გარკვეული ჟესტი გააკეთა მსოფლიო თანამეგობრობის მხარეს. ასე ვთქვათ, მათ სურვილს ანგარიში გაუწია. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ მსოფლიო თანამეგობრობა მიხვდა, რომ მიუხედავად პუტინის პირადი კაპრიზისა რუსეთის ხელისუფლებას მაინცდამაინც არ უნდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება. რუსი ეკონომისტების, პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების დიდი ნაწილი წინააღმდეგია ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებისა. მეორე მხრივ, აშშ-ის დიდი ინტერესია, რუსეთი იყოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული. ეს ყველაფერი, გარკვეულწილად თამაშია, რომელშიც საქართველოს თავისი როლი ეკისრებოდა. მემგონი ეს თამაში მიდის ფინალამდე - ან რუსეთი წლის ბოლომდე გაწევრიანდება, ან საერთოდ არა", _ აცხადებს არეშიძე.