ამერიკის შეერთებული შატატების საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს ბიძინა ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის ელჩმა ბიძინა ივანიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა საკითხს საქართველოს მთავრობასთანაც განიხილავენ
"ბიძინა ივანიშვილი შედარებით ახალი ფიგურაა პოლიტიკაში. შეხვედრაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა იმ ბრალდებების შესახებ, რომელსაც, ბიზნესმენის თქმით, მას უყენებენ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ ყველაფერს თვალს და თუ საჭირო იქნება, ამ საკითხებს საქართველოს მთავრობასთანაც განვიხილავთ", - განაცხადა ჯონ ბასმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა ამ ფაქტების შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილისგან იღებდეს ინფორმაციას და არა - აშშ-ის ელჩისგან.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე და თავად გააკეთოს დასკვნები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებსა და იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ეს კანონს.
"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოლაპარაკება მიმდინარეობდეს მშვიდობიან ფორმატში და ყველას ხმა ისმოდეს თანაბრად", - აღნიშნა ბასმა.
ჯონ ბასი დღეს დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში იმყოფებოდა, სადაც "საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის" (NEO) გახსნაში მიიღო მონაწილეობა.