პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლების გადაცემა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იმავე პოლიტიკურ ჯგუფს და იმავე ადამიანებს გადაეცეს. ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის განცხადების კომენტირებისას მინაშვილმა.
მინაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, ხელისუფლება არჩეულს გადაეცემა, არჩევნების შემდეგ მოდის ახალი ხელისუფლება. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იმავე პოლიტიკურ ჯგუფს და იმავე ადამიანებს გადაეცეს. მინაშვილის თქმით, აშშ არის დემოკრატიული სახელმწიფო და ის პატივს სცემს პარტნიორ სახელმწიფოებს და მათი ხალხის არჩევანს.
ბერნსმა დღეს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსის და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა.