სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმღვანელის გუშინდელი განცხადება ღიად და დაუფარავად გამოხატავს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილების სამართლებრივ და პოლიტიკურ უმწიფრობას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოტაკმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელიფლებამ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა პირდაპირ კავშირშია მის მიერ 7 ქოტომბერს გაკეთებულ ღია და კრიტიკულ განცხადებასთან.
"ეს კი პირდაპირი სამხილი და მტკიცებულებაა, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და არა სამართლებრივ აქტთან. ბატონ ვაშაძეს შევახსენებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზემოხსენებული სააგენტოს წარდგენის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ბრძანებულებით ან განკარგულების ფორმით. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად დადგენილია პასუხისმგებლობა მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელეთა არაკომპეტენტური და უკანონო მოქმედებების გამო", - აღნიშნულია ბესელიას განცხადებაში.
ბესელია მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბრის მიმართვაში, რომლითაც თურმე შეიტყო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ბიძინა ივანიშვილის იმავდროულად აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, ნათლად და გასაგებად აცხადებს ბიძინა ივანიშვილი, რომ უარს ამბობს საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე და მზად არის ჩააბაროს პასპორტები შესაბამისი პროცედურით.
"ეს განცხადება ნიშნავდა იმას, რომ რაიმე პროცედურის დაწყება, მეტადრე გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე, მისგან დამოუკიდებლად დაუშვებელი და უკანონო იყო.
ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილს არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე", - აღნიშნულია ბესელიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს თანასწორი უფლებებითა და მოვალეობებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, მდიდარი ან ღარიბი ადამიანი, თუ პრეზიდენტი ან მათი ოჯახის წევრები.
ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოსვლა, თუმცა, 2011 წლის 7 ოქტომბერს მის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავდა ჩვენთვის საგულისხმო ახალ ინფორმაციას მის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე - კერძოდ, 2004 წლის შემდეგ, ანუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ.
სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხორციელდა", - ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.