ოს სეპარატისტთა ე. წ. ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი რუსეთის ფედერაციისა და ოსი სეპარატიტების მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონზე საუბრისას აცხადებს, რომ ოსებისა და ქართველების გარდა ახალგორი სომხების საცხოვრებელი ადგილიცაა.
"ახალგორის რაიონში ამჟამად ეროვნულობის საკითხი არ დგას, იმიტომ, რომ ოსებისა და ქართველების გარდა ახალგორი სომხების საცხოვრებელი ადგილიცაა. მისი სამხრეთ ოსეთის იურისდიქციაში დაბრუნებით ჯვარი დაესვა თბილისის რეჟიმის შოვინისტურ პოლიტიკას ამ რაიონში. სიტუაცია უკეთესობისკენაა შეცვლილი. რაიონში გაყვანილია გზა, რომელსაც მომდევნო წელს ასფალტის საფარით დაფარავენ. გადასროლილია ელექტროგადამცემი ხაზიც", _ აცხადებს მედოევი.
მისი თქმით, ამჟამად ახალგორის რაიონის მცხოვრებლები წერენ განცხადებებს და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას ითხოვენ. ისინი უკვე იღებენ "პენსიებსა და დახმარებას რესპუბლიკის ბიუჯეტიდან".
"სამხრეთ ოსეთის ქართულ მოსახლეობას ახალ პირობებთან ადაპტირება არ სჭირდება. ისინი დე-იურე დაბრუნდნენ რესპუბლიკაში, რომლისგანაც ძალისმიერად ჩამოჭრილნი იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში", _ აცხადებს მედოევი და დასძენს, რომ "საქართველოს ანექსიის დროს ახალგორს რაიონული ცენტრის სტატუსი ჩამოჭრილი ჰქონდა და სოფლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული".
"ასე რომ, აქ დიდი ცვლილებები იქნება: რუსულ სკოლაში აღდგება სწავლება რუსულ ენაზე, ასევე შენარჩუნებული იქნება ქართული სკოლა", _ აცხადებს მედოევი.