ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის მთავარი მოწინააღმდეგე თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლატ თედეევი "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 30 სექტემბრის შემდეგ ის და მისი მომხრეები პრაქტიკულად შინაპატიმრობაში იმყოფებიან.
მისივე თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს ყველა მხრიდან ალყაშემორტყმული აქვთ მისი სახლი და აპატიმრებენ ყველას ვინც კი ამ სახლიდან გამოვა და ეს, მისი თქმით, იმის მიუხედავად ხდება, რომ ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ თედეევის მომხრეების დაპატიმრება აღარ იქნება.
"ის ერთს ლაპარაკობს საქმით კი სულ სხვა რამე ხდება. გრძელდება დაპატიმრებები და ფიზიკური შეურაცხყოფები. ჩვენთან ჩამოსვლა მორალური მხარდაჭერისათვის ოლიმპიურ ჩემპიონს ჰაჯიმურად გაცალოვს სურდა, თუმცა იგი, რუსეთის მოქალაქე საზღვარზე არ გადმოუშვეს. კოკოითი კი აცხადებს, რომ საზღვარი ღიაა", _აცხადებს თედეევი და აღნიშმავს, რომ შექმნილ მდგომარეობაში თავის ბრალეულობას ვერ ხედავს, მეტიც, მისი თქმით, ყველა პროვოკაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ თავად მოაწყო ამიტომაც "მათგან ყველაფერია მოსალოდნელი", _ განაცხადა თედეევმა კითხვაზე პასუხის გაცემისას - ელის თუ არა იგი დაპატიმრებას.
თედეევის განცხადებით 15 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში დაკავებულია 187 მისი მომხრე, (სეპარატისტთა "ოფიციალური" მონაცემებით კი დაკავებულთა რაოდენობა 30 ადამიანს შეადგენს).
"დღეისათვის მათი უმრავლესობა გამოშვებულია, მაგრამ კიდევ 32 ადამიანი პატიმრობაში რჩება. ჩემი სახლის ირგვლივ ყოველდღე 200 ადამიანი მორიგეობს ცოცხალ ფარად, იმისათვის რათა ზედმეტი პროვოკაციები ავირიდოთ თავიდან", _ აცხადებს თედეევი.
ამას გარდა, ჯამბოლატ თედეევი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში არსად დაბრუნებას არ აპირებს.
"ჩვენ არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ, ვინაიდან მე ჩემს სახლში ვიმყოფები. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ მე აქედან წავიდე, ვინაიდან ჩემი გავლენის ეშინიათ. მას ვისაც ჩემი მომხრეები დაუჭერენ მხარს და ჩემი წინასაარჩევნო შტაბი - პრეზიდენტიც ის გახდება. სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ ჩვენ მოსახლეობის 54 % გვიჭერს მხარს. ანუ ჩვენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღო, მეორე ტურის დანიშვნა საჭირო არც გახდებოდა. სწორედ ამიტომაც არ დაგვიშვეს", _ აცხადებს თედეევი და იმედი აქვს, რომ მისი სარჩელის სამართლიანად განხილვის შემთხვევაში მას ე.წ. ცესკოში რეგისტრაციის ნებას დართავენ.
"არ ვნანობ რომ ამ მარათონში ჩავერთე. მე ამას არც ვიზამდი, ჩემდამი რომ გამუდმებით არ განხორციელებულიყო ვიზიტები და თხოვნები. მაშინ მე მივხვდი, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, არაფერი არ შენდება, ხალხი სახლების გარეშეა და ისინი საკუთარ ბოსტნებში გაშლილ კარვებში ცხოვრობს. არ შემეძლო ყოველივე ამისათვის გულრილად მეყურებინა. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება საკუთარ ხალხს დავხმარებოდი და არაფერი მართლსაწინააღმდეგო მე არ ჩამიდენია", _ აცხადებს თედეევი და იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ არსებობს "პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი" რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს.
"ჩვენ ყველანი პრორუსულები ვართ და მართლაც სამართლიანი და კანონიერი სახელმწიფოს აშენება გვინდა, იმისათვის, რომ მომავალში ჩვენ გვაღიარონ არა ცალკეულმა სახელმწიფოებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ", _ აცხადებს ჯამბოლატ თედეევი.
მასალის გამოყენების პირობები