ედუარდ კოკოითის რეჟიმის ე. წ. ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი საქართველოს ტერიტორიულ პრეტენზიებს უცხადებს და აღნიშნავს, რომ "სამხრეთ ოსეთს დასაკარგი ტერიტორია უკვე აღარ აქვს".
"ჩვენთვის ტერიტორიის თითოეული კვადრატული მეტრი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს რესპუბლიკის ტერიტორიიაა. სამხრეთ ოსეთი ამჟამად მიუახლოვდა იმ საზღვრებს, რომელთა ფარგლებშიც იყო შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გასული საუკუნის 1922 წელს. სინამდვილეში კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ბევრად უფრო დიდია. არის ჩრდილოეთ ოსეთი, სამხრეთ ოსეთი და არსებობდა ასევე ქვემო ოსეთი, რომელსაც ტერიტორიები ბორჯომის ხეობაშიც ეჭირა და თავად ბორჯომსა და მის შემოგარენს მოიცავდა", _ აცხადებს მედოევი და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ეს ხეობა დაცარიელდა და ბოლო ოსი ეროვნების მოქალაქეები იქიდან გამსახურდიას რეჟიმმა გაყარა.
"უზარმაზარი ტერიტორიები დავკარგეთ, ის ტერიტორიები, სადაც ჩამოყალიბდა ოსური ეთნოსი. ამიტომაც დღეს ჩვენი ტერიტორიის მეტ შეკვეცას ვერ დავუშვებთ. ჩვენ სწორედ ამიტომაც ვიცავთ ოსური მიწის სამხრეთ ნაწილს. ჩვენ, ოსებს, წასასვლელი არსად გვაქვს", _ აცხადებს მედოევი.