ფული სამწუხაროდ ბევრ ჭკუას არ ნიშნავს. ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას პარლამენტის ოპოზიციონეტი დეპუტატი გია თორთლაძე.
”კომენტარი არის მარტივი. ბევრი ფული სამწუხაროდ ბევრ ჭკუას არ ნიშნავს. ის ამბობს, რომ არ ითანამშრომლებს ჩვენთან. სწორია, ჩვენთან რატო უნდა ითანამშრომლოს. მე ვაჭრობაში და ბიზნესში არ ვარ, ის კიდევ პოლიტიკაში და როგორ უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლობა ვერ ვხვდები”, - განაცხადა ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას თორთლაძემ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადების თანახმად, ის ვერ ითანამშრომლებს ფსევდოპოზიციონერ ძალებთან, რომელთა შორისაც გია თორთლაძესაც ასახელებს.
”ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ.
ჩემი აზრით, სწორედ ფსევდოოპოზიციური პარტიებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლების ყველაზე საიმედო მოკავშირედ და პარტნიორად გვევლინება.
სინამდვილეში, სააკაშვილის ხელისუფლება ამ ფსევდოოპოზიციური ძალების მხრებზე დგას - ეს ძალები უქმნიან სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიულობის ფონს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე და ფაქტობრივად ერთპარტიულ ქართულ პარლამენტს თავიანთი ფსევდოოპოზიციური მოღვაწეობით მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯს უქმნიან.
სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას.
მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ `ქრისტიან-დემოკრატებთან~, `ლეიბორისტებთან~, `ახალ მემარჯვენეებთან~, `ედპ~-სთან, `ქართულ პარტიასთან~, თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან”, - აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები