"ბატონო ბიძინა გამონახეთ დრო და შემხვდით", _ აცხადებს ჟურნალისტი შალვა რამიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს მისი მისამართით გაკეთებული განცხადების საასუხოდ.
"ბატონო ბიძინა ეპისტოლარულ ჟანრში არ განიხილება მსგავსი საკითხები- გამონახეთ დრო და შემხვდით. შეთავაზებაზე მსჯელობა მხოლოდ პირადი შეხვედრის შემდეგ არის შესაძლებელი", _ აცხადებს შალვა რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართ განაცხადა: "შალვა, შენ როდესაც `დარდუბალას აკეთებდი, მე, ჩემი ოჯახით, პარიზში ვცხოვრობდი. "დარდუბალა"-ს ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფეიერვერკი. შენ, მაშინ როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის", _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შემდეგნაირად გრძელდება: "დღეს რა მოგივიდა, დღეს რა დაგემართა, შალვა? შენ, ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოვებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები? ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამ მადლს უღირსთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ? შალვა, როგორ ვერ ხვდები, რომ შენს მიერ შექმნილი "დარდუბალა"-ს პერსონაჟებს დაემსგავსე თანდათან?
შენ ახლა-ახალ "დარდუბალა"-ს უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული "მაესტროს" მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელისბიჭივით.
წამოდი, შალვა, და ახალი "დარდუბალა"-ს გადაღება დაიწყე, რომლის გამზადებული სიუჟეტი, ძველი "დარდუბალა"-ს სიუჟეტზე გაცილებით მძაფრი სიუჟეტი, ახალი ოდიოზური პერსონაჟებით, ცხოვრებამ მაგიდაზე დაგიდო, შენ კი მისი აღება გეზარება.
სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი "დარდუბალა"-ს გადაღება და მე დავაფინანსებ!", _ ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.