”ეროვნული საბჭოს” ლიდერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული შეკითხვა ოპოზიციური პარტიების დაფინანსების შესახებ, მის პარტიას არ ეხება. როგორც ძიძიგურმა ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას განაცხადა, მისი პარტია მხოლოდ ბიუჯეტიდან ფინანსდება.
”ჩვენი პარტიის დაფინანსებას ხან მერაბიშვილი ამოწმებს, ხან პროკურატურა, ხან ფინანსური სამსახური და ყოველი თეთრი რასაც ჩვენ ბიუჯეტიდან ვიღებთ არის გაკონტროლებული. არამგონია ეს კითხვა ან ჩვენს პარტიას,”კონსერვატორებს” ან ”ხალხის პარტიას” ეხებოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ ბიუჯეტიდან აღებული დაფინანსებით”, - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადება არის დადასტურება მისი წინა განცხადების უფრო მეტი კონკრეტიკით.
”ყველაზე მნიშვნელოვანი ამ განცხადებაში არის ის, რომ უნდა შეცვალოს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს. ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში პოზიტიური მოვლენაა. მიუხედავად იმისა ის ”ეროვნულ საბჭოსთან”, ”კონსერვატორებთან” ან ”ხალხის პარტიასთან” ითანამშრომლებს თუ არა, ვიტყვი იმას, რომ პოლიტიკური ბალანსის შეცვლა ოპოზიციის სასარგებლოდ ივანიშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა. მის შემდეგ ქმედებებს აუცილებლად მოჰყვება სააკაშვილის ხელისუფლების ჩამოშორება. ეს საერთო პოზიციური საქმეა. ოპოზიციის გაერთიანებით უფრო მალე მოხდება ხელისუფლების შეცვლა და ამისი რესურსი ვფიქრობ არის ბატონი ბიძინა”, - აღნიშნა ძიძიგურმა.
დღევანდელ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილმა ყველა ოპოზიციურ პარტიას კითხვა დაუსვა, თუ საიდან იღებენ ისინი დაფინანსება.
”დიდ ბოდიშს ვიხდი, სამგზის ვიხდი ბოდიშს, მაგრამ აქვე მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას დავუსვა ერთი საერთო და ყველასათვის სავალდებულო კითხვა: _ რით არსებობთ თქვენ და საიდან იღებთ პარტიის შესანახ თანხებს, თუ ეს თანხები გაგაჩნიათ? გულუხვ მეგობრებზე აქცენტის გაკეთება არ იკმარებს _ ამ `არგუმენტს~ ვერ მივიღებ! ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თანამშრომლობაც ვერ შედგება”, - აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები