პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებული განცხადებები მსჯელობად არ ღირს.
"ეს მაგის ნებაა. ადამიანს შეფასებაში ვერ შეეკამათები. ჩემს მიმართ განცხადება ჩემის აზრით არ არის იმდენად სერიოზული, რომ ამაზე მსჯელობა ღირდეს. საერთოდ, ამ ორი განცხადების ფონზე მე მრჩება შთაბეჭდილება , რომ არ არის კარგად მომზადებული ის ნაბიჯი, რასაც პოლიტიკაში მოსვლა ჰქვია. სურვილი გასაგებია და არგუმენტაცია ცნობილი არის რომ არსებობს, რატომ უნდა პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ რამდენად არის მომზადებული მისი თითოუელი განცხადება, რა ფუნქციას ემსახურება, რა უნდა გამოავლინოს. დღევანდელი განცხადებითაც კითხვები მხოლოდ მოემატა ივანიშვილის თემას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსასვლელად, პოლიტიკური ბრძოლის მოგებაა საჭირო.
"დღევანდელი დღიდან გამომდინარე არ ვამბობ, გუშინაც ვთქვი ჟურნალისტებთან, რომ ყველაფერი გააჩნია პოლიტიკური ბრძოლის უნარს. დაჟინება, ფინანსური რესურსი, ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვება, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილსაც. ღმერთმა დაიფაროს მისი ბედისგან ივანიშვილი. მაგრამ, იქამდე სანამ ის ტრაგედია მოხდებოდა, პატარკაციშვილმა პოლიტიკური ბრძოლა წააგო. წააგო იმის გამო, რომ ალღო ვერ აუღო ამ ბრძოლას. თუკი პოლიტიკური ბრძოლა არ იქნა სწორად შეფასებული და გააზრებული, ის დანარჩენი რესურსები შეიძლება აღმოჩნდეს უშედეგო. ამიტომ პოლიტიკურ მხარეს მისი პოლიტიკაში შემოსვლისას ექნება გადამწყვეტი მხარე, იმისთვის, რომ თავისი დანაპირები შეასრულოს", - განაცხადა საყვარელიძემ.
შგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ რამაზ საყვარელიძე, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს.
"ნაკლები საფრთხის შემცველია, ვთქვათ, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია, ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა, მაგრამ როცა ისეთი გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.