რადგან გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც დღეს დილით გავრცელდა.
"მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებას. რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ! ხოლო როცა ეს მოხდება, იმასაც გპირდებით, რომ მთელს ჩემს გამოცდილებას, ჩემს ყველა რესურსს საქართველოს აღორძინებას და აყვავებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვახმარ", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე ივანიშვილი პირობას დებს, რომ იქნება სამართლიანი, ობიექტური, ლმობიერი, ჰუმანური და, ამავე დროს, უკიდურესად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების ამა თუ იმ უბანზე მოუწევთ მუშაობა.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ძალიან ახლობელ ადამინებსაც არ ვაპატიე, როცა მათ კანონით დაწესებულ ნორმებს და მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს გადაუხვიეს. შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ არავის არ მიეცემა იმის უფლება, რომ საქვეყნო საქმეები თავის პირად ინტერსებს მოარგოს და სხვის ხარჯზე, ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა მოიწყოს. ვიმეორებ, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში, რადგან სიტყვა მოგეცით, აუცილებლად მოვალ!", - ნათქვამია განცხადებაში.