უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისთვის გამოტანილი მომავალი განაჩენის სიმკაცრე უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ამორალობის დონეზეა დამოკიდებული.
"განჩენი მოსამართლეს კი არ გამოაქვს, არამედ პრეზიდენტ იანუკოვიჩს. ამიტომაც როგორი განჩენი იქნება გამოტანილი და რამდენ წელს მომისჯიან მე დამოკიდებული იქნება იანუკოვიჩის ამორალობისა და კანონის ხელყოფის ხარისხზე", _ განუცხადა ტიმოშენკომ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ მოსამართლისგან, რომელიც განაჩენს კითხულობს არც ერთი მართალი სიტყვა არ მოუსმენია.
"ყველა მისი სიტყვა გაბათილებული იქნება, მაგრამ უკვე არა უკრაინულ სასამართლოებში", _ განაცხადა ტიმოშენკომ.
შეგახსენებთ, რომ კიევი პეჩორის სასამართლოში უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს განაჩენის კითხვა მიმდინარეობს.
ბრალდება იულია ტიმოშენკოსათვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალი 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტებისას თანამდებობრივი უფლებოსილების გადაჭარბებაში ედება.