საქართველო ნიკოლა სარკოზის სიტყვით გამოსვლით და გაკეთებული გზავნილებით კმაყოფილი უნდა იყოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. ვეფხვაძის თქმით, სარკოზის გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, საკმაოდ ძლიერი იყო და როდესაც ის საუბრობდა რუსეთზე, დიპლომატიის ფარგლებსაც კი გასცდა.
"სარკოზის გამოსვლა იყო ემოციური და ძლიერი. იმდენად ემოციური, რომ დიპლომატიის ფარგლებს სცდებოდა, როდესაც რუსეთის ვალდებულებები ჩამოთვალა. ამ ვალდებულებების ჩამოთვლისას მან იხმარა ტერმინი სინდის-ნამუსი. ამ დონის სახელმწიფო და საერთაშორისო მოღვაწის მხრიდან ასეთი ტერმინის ხმარება დიპლომატიის ფარგლებს სცდება", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო მხარდაჭერის ღიად გამოცხადება, რომელიც დღეს სარკოზის მხრიდან საკმაოდ იგრძნობოდა.
"ამის გარდა, სარკოზიმ დეტალურად ჩამოთვალა ყველა ის მიღწევა, რითაც დღევანდელი ხელისუფლება თავს იწონებს, მათ შორის კორუფცია, პოლიციასთან დაკავშირებული ცვლილებები და სხვა საკითხები. თუმცა, თქვა ისიც, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. ერთ-ერთ გამოწვევად მან ახსენა დემოკრატიის პრობლემები. დემოკრატია რჩება გამოწვევად. ბოლოსკენ მან თქვა, რომ დასავლეთთან თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება იქნება გადამწყვეტი. ბუნებრივია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი დღევანდელი ხელისუფლებისთვის. საქართველო უნდა იყოს კმაყოფილი ნიკოლა სარკოზის სიტყვით გამოსვლითა და გზავნილებით", - განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკოლა სარკოზი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდნენ.