მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი უაღრესად შეურაცხმყოფელს უწოდებს საინფორმაციო საშუალებების მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიღწევებზე „ყოველდღიური ტრაბახისა და ტყუილების კორიანტელს".
„დამთრგუნველია ყველა იმ სიცრუის მოსმენა, რაც საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება. ყოველდღიური ტრაბახი და ტყუილების კორიანტელი სააკაშვილის მიღწევების შესახებ უაღრესად შეურაცხმყოფელია. აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილი საზოგადოებას ასეთი დონის ბრიყვად მიიჩნევს", - აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ შექმნილი სიცრუის მანქანა არათუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, პროფესიონალ ანალიტიკოსსაც კი უძნელებს თეთრის შავისაგან გარჩევას.
„სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ნაწილსაც კი პოლიტიკის მიმართ უნდობლობა გაუჩინეს და საბოლოოდ დააკარგინეს არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის იმედი", - ნათქვამია ივანისვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.