"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით "ევსიანი" აღარ არსებობს. როგორც მან გუშინ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, "ექვსიანის" დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონებში გასვლაზე შეუთანხმებლობა გახდა.
"მთელი ზაფხულის განმავლობაში თავისუფალი დემოკრატები იყვნენ გასული რეგიონებში. ჩვეს ამომრჩევლებს, მოსახლეობას, ადამიანებს ვუხსნიდით თუ რა არის რეალური ჩვენს ქვეყანაში, როგორც პოლიტიკურ სივრცეში, ასევე ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით გასაკეთებელი. ასევე ვეუბნეოდით რეგიონის მოსახლეობას თუ როგორი არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომ მან მოიტანოს პოლიტიკური ცვლილება. სწორედ სააკაშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების შედეგია ის, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია. მე ყოველთვის ვთავაზობდი "ექვსიანს", რომ ერთად გვეკეთებინა ეს, ერთად აგვეხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი და რატომ უნდა გახდეს სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების ერთობა მთავარი საფუძველი. ძალიან ბევრ შეთავაზებაზე, რომელსაც ვუკეთებდით ჩვენს პარტნიორებს არ იყო ენთუზიაზმი. აქედან გამომდინარე, ამდენი თვის განმავლობაში რეალურად მიმდინარეობდა ლაპარაკი, კონსულტაციები, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა გართულდა. მე გუშინ დავუძახე ჩვენს პარტნიორებს, შევაფასეთ რეალურად შექმნილი ვითარება და მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება და გავაცანი მათაც, რომ "ექვსიანის" ესეთი ფორმით გაგრძელებას აზრი აღარ აქვს", - განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.
მისი თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა გადაწყვეტს, რომ მზად არის, ჩვენთან ერთად ამ გზით იბრძოლოს, ჩვენ კვლავ განვაახლებთ ბრძოლას.
"ჩვენ უნდა გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე. მე ვუთხარი მათ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ვაპირებთ, თითოეულ სოფელში, დაბაში ჩავიდეთ და მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მასში არის ძალა ცვლილების, მან უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო პრინციპულობა და სამოქალაქო გმირობა თუნდაც არჩევნების დღეს, რათა ის მილიონი ხმა, მილიონი ამომრჩეველი რაზევ ვლაპარაკობდით ერთად მოვიდეს არჩევნებზე. თბილისის ოფისებიდან გაუსვლელად ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია", - განაცხადა ალასანიამ.
ალასანიას თქმით, "ექვსიანის" შეთანხმებები მოქმედებებში უნდა გადასულიყო.
"ჩვენ რეალურად შევთანხმდით თავიდანვე, რომ ბრძოლა არ უნდა შევაჩეროთ. მაგრამ, ბრძოლა უნდა გადავიდეს რეალურ ქმედებებში. როდესაც რეგიონში გასვლაზე შეთავაზება გაკეთდა მათი მხრიდან იყო ორჭოფობა, ღირს თუ არა ახლა რეგიონში გასვლა", - აღნიშნა ალასანიამ.