"ახალი მემარჯვენეები" არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვლთან დაკავშირებული პროცესები რუსეთის მხრიდან იმართებოდეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა.
"ძალიან საინტერესო მოვლენაა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა და ველოდებით პირველ განცხადებებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, უფრო საფუძვლიანი ანალიზი გავაკეთოთ ამ პარტიასთან დაკავშირებით. შესაძლებელია, ეს იყოს ხელისუფლების მიერ ინსცირირებული პოლიტიკური პარტია. არ არის გამორიცხული, ეს პროცესები რუსეთის მხრიდან იმართებოდეს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. პოლიტიკოსები ვაანალიზებთ წინაპირობებს და სწორედ აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. თუ ეს იქნება ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომლის ვექტორი არის დასავლეთი, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ასეთი პოლიტიკური პარტიის შექმნას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნაჭყებიამ.
მისი თქმით, ივანიშვილის მხრიდან ახალი პარტიის შექნის ფაქტი მისასალმებელია, იმიტომ, რომ ქვეყანაში ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება - შექმნას პოლიტიკური პარტია და იმოქმედოს.
"თუმცა საინტერესოა, როგორი ვექტორი ექნება ამ პოლიტიკური ძალა და რა ადამიანები იქნებიან ამ პოლიტიკურ პარტიაში. ამიტომ უმჯობესია ჯერჯერობით თავი შევიკავოთ შეფასებებისგან. ასევე მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნას მიღებული და არის სხვა ფაქტორებით გამოწვეული", - აღნიშნა ნაჭყებიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართუ ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.