ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე დაპირისპირებაში არანაირი ზედმეტი მოძრაობა არ უნდა გააკეთოს. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ქართული მხარე ამ დაპირისპირებაში საერთოდ არ უნდა გამოჩნდეს.
"ის კი არა, რაც ქართულ მხარეს არ უთქვამს, იმას აწერენ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის. "პიკ"-ზე ჯამბოლატ თედეევის ორმა გამოჩენამ კოზირები მისცა კოკოითის და გამუდმებით ამაზე ლაპარაკობს, რომ ქართველების ინსცერირებულია ეს პროცესი. თუმცა უნდა ითქვას, რომ თედეევის მხარდამჭერებს არ აინტერესებთ, არის თუ არა ქართული მხარე ჩარეული ამ პროცესში", - განაცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
არეშიძის მტკიცებით, მოსკოვისთვის ეს დაპირისპირება გარკვეულწილად ხელსაყრელია.
"ორივე მხარე ელოდება მოსკოვისგან ქმედებას, მაგრამ მოსკოვი დუმს. მოსკოვს როგორც ჩანს ეს ხელს აძლევს. ესენი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მივიდნენ კრიტიკულ მომენტამდე. შემდეგ მოსკოვი ჩაეროს, თითონ გადაწყვიტოს პრობლემა და ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ძლიერი შეარჩიოს. რუს სამხედროებს ბრძანება აქვთ მიცემული, რომ ამ დაპირისპირებაში მათი ჩარევა არანაირი ფორმით არ განხორციელდეს.", - განაცხადა სააგენტოსთან საუბარში არეშიძემ.
არეშიძის განმარტებით, თუ თედეევი გაიმარჯვებს, კოკოითის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
"ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიტუაცია იქ არ არის ერთგვეროვანი. მაქვს ინფორმაცია, რომ ძალოვან სტრუქტურებშიც კი გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც არ მოინდომეს თედეევთან დაპირისპირება და დაახლოებით 20-მა კაცმა განცხადებაც კი დაწერა წასვლის თაობაზე. უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს თედეევი. თედეევი არის დიდი გვარის წარმომადგენელი. მას ქართულ სოციუმში ქართული შესატყვისი - თედიაშვილი აქვს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ძალიან ბევრია ამ გვარის წარმომადგენელი. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთოსურ საზოგადოებას ასეთი ცნობილი წარმომადგენელი რუსეთში არც ჰყავს. თედეევი არის თავისუფალ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და გარდა ამისა არის, იმ "ბიზნეს-სპორტული გუნდის" წარმატებული წევრი, რომლის ხელმძღვანელია რუსეთის საჭიდაო სახეობათა ფედერაციის თავჯდომარე მიხეილ მამიაშვილი. მამიაშვილის ახლობლობა პუტინთან ყველასთვის ცნობილი და თედეევიც ამ გუნდში მოიაზრება. თედეევს აქვს სახლ-კარი სამხრეთ ოსეთში და მამამისი ახლაც იქ ცხოვრობს. თედეევი და მისი ძმებმა მოიყვანეს კოკოითი ხელისუფლებაში. კოკოითიმ შემდეგ, უხეშად რომ ვთქვათ, "გადააგდო". საქმე იქამდე მივიდა, რომ არსებობული ინფორმაციის თანახმად, კოკოითის ხელშეწყობით მოკლეს შუათანა ძმა იბრაგიმ თედეევი. ჯამბულატ თედეევის გარშემო შეკრებილია სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ცხინვალი. ხალხი შეიკრიბა ძლიერი პიროვნების გარშემო, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თედეევს შეუძლია კრიზისიდან გამოიყვანოს ცხინვალი და კოკოითოს დაუპირისპირდეს სხვებისგან განსხვავებით, რეალურად", - განაცხადა არეშიძემ და დასძინა, რომ დაპირისპირება ზღვარამდეა მისული.
მისი თქმით, როცა ჯამბულატ თედეევი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეაგისტრაციაში არ გაატარა, მართლა მოხდა თედეევის მხარდამჭერების შეჭრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში.
"ასევე შეიჭრა სამხრეთ ოსეთის პროკურორი, მთვრალი ხუგაევი დაცვის წევრებთან ერთად და იქ მართლა მოხდა შეხლა-შემოხლა. ისინი თედეევის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მაინც ჩატარდა კომისიის სხდომა და თედეევმა 6 ხმით 7-ის წინააღმდეგ წააგო. თუმცა ექვსმა კაცმაც რომ მხარი დაუჭირა თედეევს, ეს დიდი რამის მანიშნებელია - იმის, რომ საზოგადოება მართლაც გახლეჩილია. კოკოითიმ ძალიან კარგად იცის, რომ თუ მან ბრძოლა წააგო, არა მარტო მის პოლიტიკაში დარჩენას ემუქრება საფრთხე, არამედ მის სიცოცხლესაც, რადგან ჯამბულატ თედეევი ითვლება მის მოსისხლე მტრად. ჯამბულატს ნათქვამი აქვს, რომ თუ კოკოითი არ იქნება სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაში, ის მას აუცილებლად გაუსწორდება. ამიტომ კოკოითი ყველა ღონეს ხმარობს. ყველა ღონეში გამოიხატება ის, რომ მან რუსეთთან საზღვარი დაკეტა. მხოლოდ სამხედროებსა და მშენებლებს ატარებს. უამრავი მოჭიდავე რუსეთიდან დაიძრა თედეევის დასახმარებლად. კოკოითიმ გზა ჩაუკეტა ფაზაევს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია და რუსეთის დუმის დეპუტატია ჩრდილო ოსეთიდან. კოკოითის მხარდაჭერების შიგნიდაც უთანხმოებაა, რადგან არ სურთ სისხლი დაიღვაროს. კოკოითი ვერ ბედავს, ალყაშემორტყმული თედეევის სახლზე შტურმი განახორციელოს", - განაცხადა ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში არეშიძემ.