რუსეთსა და საქართველოს 2008 წელს შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისათვის "მესამე მხარის ჩარევა" არ სჭირდება. ეს განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა "პირველ კავკასიულ არხთან" საუბარში გააკეთა.
მისივე თქმით, საჭიროა, რომ რუსეთმა და საქართველომ დიალოგის დასაწყებამ "პოლიტიკური სურვილი" იქონიონ. "სამწუხაროდ, ამჟამად საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ძალიან პერსონიფიცირებულია", _ აცხადებს დიპლომატი.
თუმცა, ამავე დროს ელჩის ვარაუდით, იმ შემთხვევევაში თუ რუსეთი და საქართველო მორიგებისათვის შუამავლის არსებობს საჭიროებას გამოთქვამენ ეს შესაძლოა "ევროკავშირი" იყოს. "თუმცა ეს ჰიპოთეტიკური" საკითხია", აღნიშნავს ელჩი და დასძენს, რომ რუსეთსა და გერმანიას "პარტნიორული ურთიერთობები" აქვთ, რომლებიც "ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას უწყობს ხელს".
"საქართველოსთან კი ჩვენ არა იმდენად პოლიტიკური და რაციონალური ურთიერთობები გვაქვს, რამდენადაც ურთიერთობები, რომლებიც ემოციურ სფეროს ეფუძნება", _ აცხადებს ელჩი.
მისივე თქმით, საქართველო ნატოს წევრობას მაშინ შეძლებს, როდესაც ეს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების ხელისშემწყობი იქნება. "რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება კი ამის ხელისშემწყობი იქნებოდა", _ განაცხადა ორთვინ ჰენიგმა და საქართველოს ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ავღანეთში ნატოს სამშვიდო ოპერაციაში საქართველოს დაახლოებით 1000-კაციანი კონტიგენტი მონაწილეობს და უახლოეს მომავალში ეს კონტიგენტი კიდევ გაიზრდება.