საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტისას, საუბარი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების განხორციელების რეალიზაციის პრობლემატიკაზე იქნება.
" მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საგარეო ურთიერთობების საკითხში ამ კვირას დაგეგმილი საფრანგეთის პრეზიდენტ, ბატონი ნიკოლა სარკოზის ვიზიტი, რომელსაც რეგინალურ ვიზიტადაც მოიხსენიებენ. ვიზიტი დაგეგმილია 7 ოქტომბერს. ეს მოვლენა მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. სარკოზი შეხვედრას გამართავს მის ქართველ კოლეგასთანაც. საუბარი იქნება, როგორც ორმხირივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტზე", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
"საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცნობილია და ძალზედ ძვირფასია ის როლი, ვაჟკაცობა და პირადი შემართება, რომელიც ამ პიროვნებამ გამოიჩინა 2008 წელს რუსული აგრესიის პირობებში საქართველოს წინააღმდეგ და იცით, რომ მაშინ როგორც ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის და საფრანგეთის ლიდერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული აგრესიის შეჩერების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობაში, არამედ რეგიონალური თვალსაზრისითაც. დარწმუნებული ვართ, რომ ვიზიტისას საუბარი იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების განხორციელების რეალიზაციის პრობლემატიკაზე, რომლის მედიატორი და ერთ-ერთი თანაავტორი იყო სარკოზი. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ და ველოდოთ, რომ ეს მისი ვიზიტის ერთ-ერთ ნიშანდბლოვი საკითხი იქნება", - განაცხადა ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს ეწვევა 7 ოქტომბერს. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, 17:30სთ-ზე იგი სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამ საჯარო გამოსვლაზე დასწრება თავისუფალია. საელჩო მიმართავს საქართველოს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს და საქართველოში მცხოვრებ საფრანგეთის მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ 17:00სთ-დან.