დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოსახლეობას მიმართა ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს დაცვა მხოლოდ რამდენიმე ათასი ქართველი ჯარისკაცი და ქართველი მებრძოლი არ არის. პრეზიდენტის თქმით, მტრისათვის თითოეული ქართული ოჯახი საქართველოთვის ბრძოლაში წინააღმდეგობის ბასტიონად უნდა იქცეს.
"საქართველოს დაცვა და ჩვენი მომავლისა და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობის დაცვა არ არის 12, 15, 20 ან თუნდაც 30 ათასი ქართველი ჯარისკაცი და ქართველი მებრძოლი. ცალკე აღებულო თუნდაც 12 ათასი კაცი ვერ შეაჩერებს ბევრად უფრო მრავალრიცხოვან, დიდი დაფინანსების მქონე ვერაგი მონღოლების მემკვიდრე ურდოს, რომელიც ემუქრება საქართველოს, შემოსულია ჩვენი ქვეყნის შიგნით და ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორია",_ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს დღეს ურდოს, ჯალალედინისა და შაჰაბაზის მემკვიდრე სამხედრო შენაერთები ემუქრებიან.
საქართველო, _ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათ უმკლავდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ქართველი ერთად იდგა საქართველოს სადარაჯოზე.
"ქუდზე კაცი და ქუდზე ქალი თუ საჭირო იქნება. ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში ჯარში მსახურობენ კაცებიც და ქალებიც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამის საჭიროება არ დადგეს, მაგრამ ნებისმიერი სახელმწიფო ამისათვის უნდა ემზადებოდეს",_ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, თითოეული ქართველი კაცი და ქალი იქნება საქართველოს მებრძოლი და უნდა იყოს მზად საქართველოსთვის საბრძოლველად.
"თითოეული ამ მებძოლი აღჭურვა ჩვენ უკვე გაგვაჩნია. მტრისათვის თითოეული ქართული ქალაქი, სოფელი დასახლებული პუნქტი და ოჯახი წინააღმდეგობის ბასტიონი უნდა იყო საქართველოსთვის ბრძოლაში",_ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.