თვეების განმავლობაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს სიმშვიდეს აფეთქებები არღვევდა, რასაც რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდნენ. ელი ლეიკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციის და განსაკუთრებით ჰილარი კლინტონის დამსახურებაა ის, რომ მათ რუსეთი ფარული დიპლომატიის გზით შეაჩერეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ობამას ადმინისტრაციის დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ მან ფარული დიპლომატიის გზით აიძულა რუსეთი აფეთქებების სერია შეეწყვიტა, რომელიც ატერორებდა მის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში.
„აფეთქებების შეწყვეტის მთავარი მიზეზი ამერიკული დიპლომატიაა", - განაცხადა სააკაშვილმა Daily Beast-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, "რომლის ქართული ვერსიასაც "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სააკაშვილის თქმით, მან პირველწყაროდან იცის, რომ ჰილარი კლინტონმა აღნიშნული საკითხი რამდენჯერმე დააყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეო ლავროვის წინაშე.
„და ეს უბრალო ფორმალობისთვის არ კეთდებოდა, ის ამ საკითხში ძალიან მომთხოვნი იყო და მკაცრად მოქმედებდა. საჯარო დონეზე ეს ნაკლებად თვალშისაცემი იყო, მაგრამ დიპლომატიური წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ადმინისტრაცია ძალიან მკვეთრად მოქმედებდა. და შედეგიც თქვენთვის ცნობილია. მას შემდეგ რაც მათ ამის გაკეთება დაიწყეს... აფეთქებები შეწყდა," - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა Daily Beast-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, აფეთქებები, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან, რუსეთის მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლების ბრძანებით განხორციელდა. „მე დიდი ხანია ვიცნობ ვლადიმერ პუტინს", - თქვა მან რუსეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ პრეზიდენტზე. „ის კმაყოფილებას განიცდის, უბრალოდ გიჟდება სპეცოპერაციების დეტალების ცალკეული დეტალების დაგეგმვაზე. მას ეს დეტალები უფრო იზიდავს, ვიდრე ზოგადი საფრთხეები. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ვიღაც ისე შეხებოდა რუსეთისთვის და განსაკუთრებით პუტინისთვის ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიც საქართველოა ისე, რომ ეს არ სცოდნოდა პუტინს ან ეს ბრძანება მას არ გაეცა".
კითხვაზე, თუ რაში სჭირდებოდათ რუსებს ამერიკის საელჩოს აფეთქება, სააკაშვილი პასუხობს: „ვფიქრობ ეს იყო მკაფიო სიგნალი. სიგნალი ასეთია: ეს ჩვენი ტერიტორიაა, ამიტომ, გირჩევთ აქაურობას მოშორდეთ. ჩვენ აქ გავაკეთებთ იმას, რაც მოგვინდება".
სააკაშვილის ინტერვიუს შემდეგ, შაბათს, პუტინმა განაცხადა, რომ მომავალი წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის.
როგორც, ჟურნალისტი ელი ლეიკი წერს, საქართველოს მაღალჩინოსნების თქმით, შეერთებულმა შტატებმა აფეთქებებთან დაკავშირებით მოსკოვზე ზეწოლა მას შემდეგ გააძლიერა, რაც Washington Times-მა ივლისში და აგვისტოში საელჩოსთან ინციდენტების შესახებ პუბლიკაციების სერია გამოაქვეყნა.
საქართველოს პრეზიდენტმა გულითადად შეაქო პრეზიდენტი ობამა, თუმცა განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ უარი განაცხადა საქართველოსთვის რაკეტსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიყიდვაზე, რასაც მისი ქვეყანა 2009 წლიდან ითხოვს. სააკაშვილის თქმით, მან მაღალი რანგის ამერიკელი სენატორები გააფრთხილა არ ენდონ რუსების განზრახვებს. „ისინი ფიქრობენ, რომ ცივი ომი არ დასრულებულა და რომ რევანშის დროა", - განაცხადა მან.