"სიტუაციის შერყევის უფლებას არავის მივცემთ", - ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდემა ედუარდ კოკოითიმ თავისი ე.წ. მთავრობის წევრებთან გამართულ თათბირზე გააკეთა, მაშინ, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობდა.
"სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანი კონსტიტუციის მკაცრი დაცვით მოხდება. ახლა რესპუბლიკაში რთული დროა, ვინაიდან წინასაარჩევნო კამპანია მიდის. ზოგი ადამიანის წყალობით, რომლებიც სამხრეთ ოსეთისგან შორს არიან და რომლებსაც არავითარი კონსტიტუციური ცენზი და პრეზიდენტად კენჭისყრის არავითარი უფლება არ აქვთ, წინასაარჩევნო კამპანია კომიკურ და დამახინჯებულ ფორმებს იღებს. ეს ამ ადამიანების უპატივცემულობაა სამხრეთ ოსეთის ხალხისადმი, სახელმწიფოებრიობისადმი და კონსტიტუციისადმი", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი. მან "პოლიტიკურად დისტროფიულები" უწოდა ამ ადამიანებს და განაცხადა, რომ ისინი სხვადასხვა სპეცსამსახურის დავალებებს ასრულებენ, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაციის შერყევისკენაა მიმართული.
"გამომწვევი განცხადებები და თავხედური საქციელი მკაცრად იქნება აღკვეთილი. არავის მივცემთ უფლებას, სიტუაცია შეარყიოს და ფული ფლანგოს. ყველას ვაიძულებთ, პატივი სცეს ხალხს, ჩვენს კანონებსა და ჩვენს სახელმწიფოს", _ განაცხადა კოკოითიმ.