საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას განცხადებით, უეფას უკვე შესთავაზეს, 2014 წლის უეფას სუპერთასს თბილისმა უმასპინძლოს. სიჭინავას თქმით, მატჩის ჩატარებაზე პრეტენზიას თბილისის ერთ-ერთი სტადიონი აცხადებს.
სუპერთასი 14 წელია მონაკოში, "ლუი მეორის" სახელობის სტადიონზე იმართება. მომდევნო სეზონიდან კი სუპერთასი მონაკოში აღარ გაიმართება, რადგან უეფასა და მონაკოს შორის გაფორმებული 15-წლიანი ხელშეკრულება 2011-2012 წწ სეზონის მატჩის შემდეგ იწურება. 2013 წლის სასუპერთასო შეხვედრას, მისი მასპინძლობა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მდებარე 21-ათასიან "ედენზეა" გადაწყვეტილი.
სფფ-ის გენერალური მდივნის, რევაზ არველაძის თქმით, სუპერთასის გარდა, ფედერაციიდან უეფაში გაიგზავნება ვაჟთა ევროპის U17-ს, U19-სა და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპების მასპინძლობის უფლების არაოფიციალური მოთხოვნის წერილი. შესაბამისი თანხმობის შემდეგ კი, აპლიკაცია შეივსება კონკრეტულად იმ ღონისძიების ჩატარების მოთხოვნაზე, რომლის მოგების შედარებით მეტი შანსი ქართულ მხარეს ექნება.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასზე ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები ხვდებიან.