საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიჭები ბირჟას ჩამოშორდნენ და მათთვის პრიორიტეტი სწავლა გახდა. როგორც პრეზიდენტმა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, ახლადგახსნილი სკოლის მონახულებისას განაცხადა, ყველაფერი შეიცვალა, და ბიჭებისთვის სწავლა ცუდ ტონად აღარ ითვლება.
"რაც კეთდება ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღის წინ კახეთში ეროვნული გამოცდების 10 საუკეთესო შედეგის მქონე ბავშვებს შევხვდი. ამ ბავშვებიდან ყველა წავიდა ტექნიკურ ფაკულტეტებზე და მათგან 8 იყო ბიჭი. თავისთავადმე მიმაჩნია, რომ გოგოები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ბიჭები, მაგრამ ის ფაქტი, რომ გამოცდებში კარგად აბარებენ ბიჭები ეს ნიშნავს, იმას რომ ბიჭები ჩამოშორდნენ ბირჟას. საქართველოში ყოველთვის ქალებს ჰქონდათ უკეთესი აკადემიური მოსწრება. ბიჭები კი ძირითად ზარმაცობდნენ და ბირჟებზე იდგნენ. ცუდი ტონი იყო სწავლა. ახლა ყველაფერი ამოტრიალდა. ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ეს არის კონკრეტული შედეგი მათ შორის საგანმათლებლო რეფორმის", - განაცხადა სააკაშვილმა.
მელაანში, 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა დღეს გაიხსნა. პრეზიდენტმა მელაანის სკოლის 3 წარმატებული მეათეკლასელი პორტატული კომპიტერებით დაასაჩუქრა. პრეზიდენტმა ახლად შექმნილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაც მოინახულა.