რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის ე.წ. ინაუგურაციას დაესწრება. ამ ღონისძოებაში მონაწილეობის მისაღებად მატვიენკო დღეს სოხუმში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს მატვიენკოს პირველი ვიზიტია თანამდებობაზე არჩევის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ დღეს აფხაზეთის ე.წ. ახლადარჩეული პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის "ინაუგურაცია" გაიმართება. საზეიმო ღონისძიება სეპარატისტებს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში აქვთ დაგეგმილი. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ფიცს აფხაზურ ენაზე დადებს.
სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე წლის 26 აგვისტოს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის უდროოდ გარდაცვალების გამო ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე სამი კაბდიდატი იყრიდა კენჭს - ალექსანდრე ანქვაბი, სერგეი შამბა და რაულ ხაჯიმბა. ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 54, 9% მიიღო, სერგეი შამბამ 21,02% ხოლო რაულ ხაჯიბამ კი ამომრჩეველთა ხმების 19, 82% დააგროვა.