დღეს, 22 სექტემბერს, რუსეთის დუმა საქართველოს ორ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციას გეგმავს.
"პლენარულ სხდომაზე დეპუტატები "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაციისა" და "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს შორის გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაციის" შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ", _ ნათქვამია რუსეთის დუმის ინტერნეტგვერდზე და იქვე აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტები დუმაში განსახილველად პრეზიდენტმა მედვედევმა შეიტანა.
"ორივე დოკუმენტი მოსკოვში 2010 წელს არის ხელმოწერილი და მიმართულია ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ფორმირებისთვის, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების განთავსების რეგლამენტირებასა და ფუნქციონირებას ეხება", _ ნათქვამია დუმის ოფიციალურ გვერდზე და იქვე აღნიშნულია, რომ "ორივე შეთანხმება გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო ფორმირებების გამოყენების წესრიგს ადგენს, ასევე აწესრიგებს სამხედრო ბაზების ობიექტების და სხვა უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და ფუნქციონირების საკითხებს. ამას გარდა, შეთანხმებებით განისაზღვრება სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობების, მათი ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსი".
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეთანხმებებით ასევე რეგულირდება რუსული საჰაერო ხომალდების, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების და სამხედრო გემების გადაადგილება და სხვა.
"ყოველი შეთანხმება 49 წლითაა გაფორმებული, მათი 15- წლიანი პერიოდით ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა დუმას ამ შეთანხმებების რატიფიკაციის რეკომენდაცია მისცა. კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმებები მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული არ არის.
თავდაცვის კომიტეტის შეფასებით კი, შეთანხმებების რატიფიკაცია ხელს შეუწყობს მომავალში მეგობრული და ურთიერთხელსაყრელი ურთიერთიბების განვითარებას რუსეთს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის.