საქართველოს სურვილი, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წლის ბოლომდე გაწევრიანდეს, სავარაუდოდ დასავლეთის ზეწოლამ განაპირობა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ განუცხადა.
"ნუ ალბათ რაღაც შეთანხმება შედგა და დასავლეთის ზეწოლა იყო სერიოზული. ჩვენ ხომ ხშირ შემთხვევაში ამბის გაგება გვიჭირს თუ რაში იყო რეალურად საქმე. ვარაუდი ისაა და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ დასავლეთი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საქართველოზე ძალიან დიდ ზეწოლას ახორციელებდა. თუმცა, ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული ზეწოლა რუსეთზეც იყო, რათა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. რა დათმობებზე წავიდა რუსეთი, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ წავიდა რადგან გარკვეული კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა", - აღნიშნა არეშიძემ.
მისი თქმით, მისთვის უცნობია გაწევრიანდება თუ არა წელსვე ვმო-ში რუსეთი.
"რაც შეეხება იმას, წელს მოხდება თუ არა რუსეთის გაწევრიანება. ამას ვერ გეტყვით, მაგრამ გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ რუსეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში არვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად გაწევრიანდება, იმიტომ, რომ აქეთკენ მიდის ყველაფერი. ჩვენ არვიცითი რეალურად რა დონეზე მოილაპარაკეს და რაზე შეთანხმდნენ. საქართველოს ხელისუფლება ასეთ რაღაცეებს საზოგადოდ არ ახმოვანებს ხოლმე. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარკვეული კომპრომისები შედგა, რა მიმართულებით და როგორ მაგის თქმა მე არ შემიძლია, იმიტომ რომ არ ვიცი", - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებაზე, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რიგ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოსაც აქვთ სურვილი, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წლის ბოლომდე გაწევრიანდეს.
"რუსეთის გაწევრიანების შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ის მოლაპარაკებებში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით იმართება და რამდენად კონსტრუქციული იქნება. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციას აქვს უნარი, რომ რუსეთი ცივილიზებული მოთამაშე გახადოს" - განაცხადა კანლანდაძემ.