ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ დღეს ცხინვალში გამართულ აღლუმზე განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღიარებენ, საქართველოც იქნება.
"თავისუფლება და საერთაშორისო აღიარება, მშვიდობა და უსაფრთხოება არის დღეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღევანდელი დღე.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ომს გაუძლო და სახელმწიფოებრიობის განვითარების გზიდან არ გადაუხვევია. მაღალმა იდეალებმა და პრინციპებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის საძირკველია, მიიყვანეს სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო აღიარებამდე. 2008 წლის აგვისტოს უმძიმეს დღეებში, რუსეთის ფედერაცია არა თუ დაგვეხმარა, არამედ ჩვენთვის საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო აღიარების შესახებ, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით", _ განაცხადა კოკოითიმ და აღნიშნა: "ოპტიმიზმით ვუყურებთ ჩვენი რესპუბლიკის აღიარების პერსპექტივებს პლანეტის სხვა სახელმწიფოების მიერ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველოც იქნება".
კოკოითის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური სიმამაცე ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმისთვის, რაც "მნიშვნელოვანი შენატანი იქნებოდა სტაბილური, სამართლიანი და უსაფრთხო სისტემის დამყარებისთვის მთელ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში".