დღეს, 20 სექტემბერს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი, 30-ე შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ საგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა, რომელიც ამ მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
"მოლაპარაკებები გალში შედგება, მოგეხსენებათ შეხვედრა დიდი ხანია არ გამართულა, ამიტომაც განსახილველი მრავალი საკითხი დაგროვდა. ვისაუბრებთ შექმნილ ვითარებაზე, მათი მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობაზე", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ წინა, 29-ე შეხვედრა გალში 14 ივლისს გაიმართა. მასზე აფხაზურმა მხარემ კვლავ დააყენა გალის რაიონის მცხოვრების, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტის ჩადენის მუხლით დაკავებული მერაბ ყოლბაიას, გათავისუფლების საკითხი.