თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ამინა იაგუბოვას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. როგორც საქალაქო სასამართლო იუწყება, 54 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა 2011 წლის 19 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობა 2.0715 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი".
შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს, ნინოშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2.0715 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი".
"ღია სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მისი ბრალეულობა დადასტურებულ იქნა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით,საზღვარზე მოძრაობის ინტენსივობის დამადასტურებელი დოკუმენტით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ამინა იაგუბოვას დანაშაულთა ერთობლიობით 27 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.