ახმეტაში ყოფილი ჟურნალისტი შორენა ხანგოშვილი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, სამართალდამცავებმა დაკავებისას შორენა ხანგოშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ახმეტის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გუშინ ჩატარდა.
პანკისის ხეობის მაცხოვრებლების თქმით, შორენა ხანგოშვილის დაკავება მის ძმას მუსლიმ ხანგოშვილს უკავშირდება, რომელსაც საქართველოს შს სამინისტრო რამდენიმე წელია ეძებს. „პოლიციას იმედი აქვს, რომ შორენა ხანგოშვილის დაკავების შემდეგ ძებნილი მუსლიმ ხანგოშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდება", - ვარაუდობენ დაკავებულის ახლობლები.
შორენა ხანგოშვილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა. ამჟამად ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტში იყო დასაქმებული და პანკისის ხეობაში ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. მას მეთორმეტეკლასელი შვილი ჰყავს.
შორენა ხანგოშვილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აქვს დამთავრებული ჟურნალისტიკის სპეციალობით და სხვადასხვა დროს კახეთის რეგიონულ გამოცემებში მუშაობდა. ის აქტიურად აშუქებდა პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს.