"აფხაზური მხარე ყოველთვის იცავდა და დაიცავს კიდეც თავის ინტერესებს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციისა და მმართველობით საქმესთან მიმართებაში", - განაცხადა დღეს სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა რეზო ზანთარიამ ინტერნეტგვერდ "WikiLeaks"-ზე გამოქვეყნებული წერილის კომენტირებისას, რომელშიც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონტ ტეფტი საქართველოსა და რუსეთს შორის ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ საუბრობდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ზანთარიამ დაადასტურა, რომ გამოქვეყნებულ მასალაში აღწერილი ფაქტები ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული მემორანდუმის შესახებ სინამდვილეს შეესაბამებოდა.
"ყველაფერი მართალია, გარდა იმისა, რომ სერგეი ბაღაფში ამ მემორანდუმის ხელმოწერის მომხრე იყო. ბაღაფშიც და მეც მისი ხელმოწერის კატეგორიული წინააღმდეგნი ვიყავით, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ იგი საზიანო იყო აფხაზეთისთვის", _ განაცხადა ზანთარიამ და აღნიშნა, რომ უბრალოდ, მისგან განსხვავებით, ბაღაფში უფრო დიპლომატიური ადამიანი იყო და საჯაროდ მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებდა.
შეგახსნებთ, რომ ინტერნეტგვერდმა "WikiLeaks"-მა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონტ ტეფტის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ელჩი საქართველოსა და რუსეთს შორის ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს.
აგვისტოს ომის შემდეგ, მალევე, რუსულმა "ინტერ რაო ეესმა" განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში მან საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მართვას ეხებოდა. საქართველოს ხელისუფლება ამ ხელშეკრულების დეტალებს დღემდე არ ახმოვანებს.
მასალაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ხეთაგური აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მას ჰქონდა შეხვედრა "ჩერნომორენერგოს" დირექტორ რეზო ზანთარიასთან, რომელიც აფხაზური მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი.