საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს. მისი თქმით, ეს არის მშვიდობიანი გარემოს შექმნა საქართველოსთვის.
"ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული ურთიერთობები და ეკონომიკური აღმშენებლობა, ასევე რეგიონალური თანამშრომლობა. უნდა ვიყოთ უახლოეს სამეზობლოში ისეთ გარემოში, რომ არ გვქონდეს არავითარი პრობლემა. საბედნიეროდ, რუსეთის გარდა, არც ერთ მეზობელთან პრობლემა არ გვაქვს. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ მოფიქრებულად და გააზრებულად ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. ყველანაირად უნდა შევიწყოთ ხელი საქართველოში უცხოური კომპანიებისა და ინვესტიციების მოზიდვას", - განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, ის კმაყოფილია დიპლომატიური სამსახურების მუშაობით. ვაშაძის თქმით, პრეზიდენტის თხოვნაა დიპლომატებისადმი, გაორმაგებულად იმუშაონ 2011 წლის დარჩენილ პერიოდში და 2012 წელს. ვაშაძემ ისაუბრა ამბასადორიალის დასკვნით დღესთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ძალიან დიდი გამოწვევები და პრობლემები იქნება გადასაწყვეტი.
"ყველა ადამიანმა, რომელიც დიპლომატიურ სამსახურს ეწევა, უნდა მონახოს საკუთარ თავში რეზერვები. ორი დღის განმავლობაში ჩვენი ელჩები ისმენდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების გამოსვლებს, იღებდნენ დავალებებს. დღეს კი ჩვენ მოუსმენთ. გავიგებთ, რა იდეები და სამოქმედო გეგმები აქვთ იმისთვის, რომ ცენტრალურმა აპარატმა თბილისში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დიპლომატიურ მისიებს მუშაობაში", - განაცხადა ვაშაძემ.