ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს ელექტროენერგიის პრობლემა ახალ წლამდე მოეხსნებათ. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ს/ს `კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჟანა დიდებაშვილმა აცნობა.
კახეთის ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ეკომიგრანტებს, რომლებმაც თავად შეიძინეს მრიცხველები, კომპანიამ უკვე მოუწყო აღრიცხვის კვანძი და აიყვანა აღრიცხვაზე როგორც აბონენტი. `თუ სხვებიც ანალოგიურად შეიძენენ მრიცხველებს და განცხადებით მოგვმართავენ, ენერგოკომპანია მათაც ასევე მოუწესრიგებს აღრიცხვის კვანძს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ შეიძენენ მრიცხველს, კომპანია მოახდენს ასეთი საცხოვრებელი სახლების კომუნალურ მრიცხველზე დაერთებას, ვიდრე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში არ დაიწყება მათი სოფლის გამრიცხველიანება~, - განაცხადა დიდებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტების 34 ოჯახი, ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში, ორი კვირის წინ, აჭარიდან, კერძოდ კი ხულოს რაიონიდან ჩაასახლა.