უკრაინაში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე მისი დიპლომატიური მისიის მიერ კიევში ბიზნესსაქმიანობას კატეგორიულად უარყოფს და „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ სასტუმრო „Ibis"-ი კერძო ინვესტორმა გახსნა.
„საელჩოს მიერ სასტუმროს გახსნის შესახებ ინფორმაცია არასწორია. უცხოეთში საქართველოს არც ერთი საელჩო, მათ შორის არც ჩვენი დიპლომატიური მისია, არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ქართული ბიზნესის განვითარებას. რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს შეკითხვას, სასტუმრო „Ibis"-ის გახსნა იმავე საინვესტიციო პროექტის ფარგლებში მოხდა, რომლითაც, თავის დროზე საქართველოს საელჩო აშენდა. უფრო რომ დავაკონკრეტოთ - 7 წლის წინ, საქართველომ და კონკრეტულად უკრაინაში საქართველოს საელჩომ დედაქალაქ კიევის ადმინისტრაციასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლითაც ჩვენს ქვეყანას 49-წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადმოეცა. ვინაიდან მაშინ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ იქ საელჩოსთვის შენობა აეშენებინა (სხვათაშორის ამის საშუალება ჩვენს ქვეყანას ახლაც არ აქვს), მოიძებნა ინვესტორი. შეირჩა უკრაინული საინვესტიციო კომპანია „მისგბუდინვესტი", რომელმაც ააშენა კომპლექსი - საელჩოსა და სასტუმროს სახით. ამ პროექტის არსი ის არის, რომ საელჩოს შენობა, რომელიც 2 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, აშენდა ინვესტორის სახსრებით და გადმოგვეცა ჩვენ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" გრიგოლ ქათამაძემ.
ქართველმა დიპლომატმა აქვე განმარტა, რომ ამ პროექტში საქართველოს მხოლოდ ის „მოგება" აქვს, რომ საელჩოს შენობის აშენებაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა.
„სასტუმროდან ჩვენ არანაირი მოგება არ გვაქვს. ჩვენი მოგება არის ის, რომ საქართველოს ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ გადაუხდია საელჩოს მშენებლობაში", - განმარტა უკრაინაში საქართველოს ელჩმა, რომელიც იმის შესახებ, თუ რა დაჯდა საელჩოს შენობისა და სასტუმროს ერთიანი კომპლექსის მშენებლობა, ინფორმაციას არ ფლობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საელჩოს მიერ კიევში სასტუმროს გახსნის შესახებ ინფორმაცია „ინტერფაქს-უკრაინამ" გაავრცელა.