კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლების განცხადებით, კახეთში მიწების დიდი ნაწილი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია REC Caucasus და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ კახეთში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის რაიონებში სახნავ - სათესი მიწების, საძოვრების და სათიბების დიდი ნაწილი დეგრადირებულია.
`ასეთ სიტუაციებში გადამწყვეტ ფაქტორს ადგილობრივი მოსახლეობის, საზოგადოების და ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებს შორის ეფექტური კომუნიკაცია უნდა ასრულებდეს, რაც დღეისათვის ძალიან სუსტია~, - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს ასოციაცია CCENN-ში.
რაც შეეხება კონკრეტულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, გარკვეულ ტერიტორიებზე აუცილებელია ბუნებრივი მცენარეული საფარის აღდგენა, ქარსაცავი და მინდორსაცავი ზოლების სრული რეაბილიტაცია, ნაპირების დაცვა და სარწყავი არხების რეაბილიტაცია. სპეციალისტების თქმით, პარალელურად, ფერმებსა და საოჯახო მეურნეობებში ნაკვეთმორიგეობის, ზოლებრივად თესვის, ფერდობების გარდიგარდმო ხვნის და ნიადაგის დაცვის სხვა მეთოდების დანერგვაა საჭირო.