პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის თავჯდომარის გიორგი ასანიძის განცხადებით, აფხაზეთში მომავალ თვეს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი დომინოში რუსული პროპაგანდის ნაწილია. როგორც ასანიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ის ფედერაცია, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთში ჩემპიონატს ატარებს, არ არის აღიარებული არც ერთი ოფიციალური საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან.
"ის ფედერაცია, რომელიც ტურნირს ატარებს, არ არის აღიარებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, შესაბამისად, აღნიშნულ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უზრუნველყოს. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩემპიონატის ჩატარება არის რუსული პროპაგანდის ნაწილი და უკანონო ქმედება, რომელსაც ქართული მხარე გმობს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ასანიძემ.
შგახსენებთ, რომ სოხუმში, 17-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით, დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. დომინოს საერთაშორისო ფედერაციის 25-მა წევრმა გასულ წელს, ლას ვეგასში გამართულ კენჭისყრაზე, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად ყველამ ერთხმად სოხუმის კანდიდატურა დაასახელა. აღნიშნულ ფედერაციაში საქართველო გაწევრიანებული არ არის.