"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მისი ოჯახის მიერ ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანისთვის 500 ათასი დოლარის გამორთმევას კატეგორიულად უარყოფს.
"ტარიელ ონიანს და არც სხვა კანონიერ ქურდებს მე და ჩემი ოჯახის წევრები არ შევხვედრივართ, მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ გვქონია და არანაირი სურვილი არ მაქვს მათთან ურთიერთობის. ტარიელ ონიანთან კონტაქტები, ფულის გამორთმევა, ქურდებთან საქმეების გარჩევა, ვანო მერაბიშვილმა მოიკითხოს თავისკენ, სააკაშვილისკენ და თავიანთი ხელისუფლების მხარეს", - აცხადებს ბურჯანაძე გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში და ამით "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ იმ სკანდალურ ტელეგრამას ეხმაურება, რომელშიც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილზე დაყრდნობით ვაშინგტონს წერს, რომ "ბიწაძემ 500 ათასი
დოლარი ტარიელ ონიანისგან მიიღო".
ბურჯანაძე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოქვეყნებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ტეფტის ინფორმაციით, "ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი, დიდი მოცულობის თანხებს რუსეთში დამკვიდრებული ქართველებისგან იღებს, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენელი იყოს".