საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თხოვნით "როსპოტრებნადზორისთვის" ქართული კომპანიების მიმართვას არ ადასტურებს.
"ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ასეთ მიმართვას ადგილი არ ჰქონია. ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან მორიგ სპეკულაციას", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მინისტრის მოადგილის შეფასებითვე, რუსეთი ვმო-ში მისი გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას "პოზიტიური ფონი", თითქოს ის ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად მზადაა.
"ემბარგოს საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას არანაირად არ უკავშირდება. ქართული მხარე ემბარგოს მოხსნას წინაპირობად არ აყენებს. ეს ჩვენი დაინტერესების საკითხი არ არის და როგორც ირკვევა, არც ქართული კომპანიების ინტერესებში შედის. ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ემბარგოს მოხსნას ისედაც გულისხმობს", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ "როსპოტრებნადზორისთვის" ინფორმაციით, მათ უწყებას ოფიციალურად მიმართა კომპანიამ "IDS ბორჯომი საქართველომ" რუსეთის ბაზარზე ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის" მიწოდების აღდგენის შესახებ.