საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მორიგ შეხვედრაში სლოვენიის ნაკრებთან 75:87 დამარცხდა. წინა ორი მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა ერთი მოიგო ბელგიის ნაკრებთან 81:59, მეორე შეხვედრაში რუსეთის ნაკრებთან 58:65 დამარცხდა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიტვაში 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ D ჯგუფში ასპარეზობს.
30 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისიდან დელეგაცია კლაიპედაში 3 ჩარტერული რეისით გაემგზავრა. გულშემატკივრებს შორის არიან ხელოვანები, ანსამბლები და ოფიციალური პირები.
ქალაქ კლაიპედაში დაგეგმილია რამდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი.
31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილია ანსამბლების "სუხიშვილებისა" და "ქართული ხმების" ერთობლივი კონცერტები, რომელიც კლაიპედას თეატრალურ მოედანზე, საგანგებოდ აგებულ სცენაზე ჩატარდება. კონცერტების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ქალაქ კლაიპედას ერთ-ერთ ქუჩას რამდენიმე დღით საქართველოს სახელი დაერქმევა და სწორედ ამ ქუჩაზე "ზუმბალენდის" ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიღება გაიმართება. კულტურული პროგრამა ქართული ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნმებასაც მოიცავს.