ქართული და ოსური მხარეები შემოდგომაზე, მოსავლის აღების დროს, გლეხების უსაფრთხოებაზე ერთობლივად იზრუნებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე იქნა მიღებული.
"როდესაც გლეხი დააპირებს მოსავლის აღებას, დაგვიკავშირდება ჩვენ. ჩვენ კი ინფორმაციას ოსურ მხარეს მივაწვდით და მის უსაფრთხოებას ერთობლივად დავიცავთ. ეს კეთდება იმისთვის, რათა აღარ მოხდეს ტექნიკის წართმევა და სხვა სახის ქმედებები", - განუცხადა უტიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ქართულ-ოსურ შეხვედრაზე ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებული სამი ქართველის გათავისუფლების საკითხიც განიხილეს. მორიგი შეხვედრა დვანში 20 ოქტომბერს გაიმართება.