საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა ნათია დანელიშვილმა პრეზიდენტის ესკორტი გადაიღო, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და დაცვის სამსახურთან ამიტომაც შეექმნა პრობლემები.
მისივე თქმით, პრობლემა რამდენიმე წუთში მოგვარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ყვარელში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი დააკავეს. ჟურნალისტის თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მისგან გადაღებული მასალის წაშლას ითხოვენ, მანამდე კი გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ჟურნალისტი იტყობინება, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები მას ფოტოკამერის განადგურებით დაემუქრნენ. ჟურნალისტმა გრემის ახლადრეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს დახმარება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.