ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის RAND Corporation's ხელმძღვანელის ევროპის უსაფრთხოების საკითხებში სტეფან ლარაბის განცხადებით, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაციის შეცვლა მხოლოდ სამხედრო გზით არის შესაძლებელი. როგორც მან "ნიუს. აზ" - თან საუბრისას განაცხადა, დასავლეთისთვის საქართველო აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც 2008 წელს იყო.
"ეს გამოწვეულია იმით, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მიღწეული სტატუსკვოს შეცვლა ძალიან რთული საკითხია. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რომლებიც იურიდიულად საქართველოს ნაწილები არიან, გახდნენ რუსეთის დე ფაქტო სატელიტები. ამ სიტუაციის შეცვლა სამხედრო საშუალებების გარეშე შეუძლებელია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ არავინაა მზად, ჩიხში მოქცეული ახალი სტატუსკვოს შესაცვლელად სამხედრო ძალა გამოიყენოს. მაგრამ დასავლეთი და საქართველო რჩებიან მტკიცე პოზიციაზე, რომ არ აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, როგორც ეს ცალკეულმა ქვეყნებმა გააკეთეს", - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას "აზიანებს თუ არა საქართველოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ისევე, როგორცეს 2008 წლის ომის შემდეგ იყო" ლაბერმა.
ლაბერის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, ობამას ადმინისტრაციის პოზიცია უფრო ფრთხილია, ვიდრე ბუშის ადმინისტრაციისა.
"ბუშის ადმინისტრაციისთვის დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამაში საქართველო განიხილებოდა "პატარა" ქვეყნად. ბუში აქტიურ პოლიტიკას ატარებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან, რომლებსაც დასავლეთისკენ აქვთ კურსი აღებული. საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება რიტორიკულ საკითხად იქცა, რომელიც დამოკიდებული ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკაზე", - აღნიშნა ლაბერმა.