დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე შეხვედრა ლატვიაში, ქალაქ კლაიპედაში, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის D ჯგუფის შეხვედრები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ბელგიის ნაკრებთან კლაიპედაში გუშინ გამართულ მატჩში საქართველომ 22- ქულიანი უპირატესობით, 81:59 მოიგო.
საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა პირველი ტაიმის შემდეგაც, რაც ანგარიშით 37:24 დასრულდა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიტვაში 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ D ჯგუფში ითამაშებს.
30 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისიდან დელეგაცია კლაიპედაში 3 ჩარტერული რეისით გაემგზავრა. გულშემატკივრებს შორის არიან ხელოვანები, ანსამბლები და ოფიციალური პირები, მათ შორის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ქალაქ კლაიპედაში დაგეგმილია რამდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი.
31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილია ანსამბლების "სუხიშვილებისა" და "ქართული ხმების" ერთობლივი კონცერტები, რომელიც კლაიპედას თეატრალურ მოედანზე, საგანგებოდ აგებულ სცენაზე ჩატარდება. კონცერტების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ქალაქ კლაიპედას ერთ-ერთ ქუჩას რამდენიმე დღით საქართველოს სახელი დაერქმევა და სწორედ ამ ქუჩაზე "ზუმბალენდის" ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიღება გაიმართება. კულტურული პროგრამა ქართული ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნმებასაც მოიცავს.