მსახიობ ია სუხიტაშვილის შეფასებით, რობერტ სტურუას გათავისუფლებით პირადად მან "მამა დაკარგა".
"10 წლის წინ მამა გარდამეცვალა. ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს ახლა. მე დავკარგე მამა, თუმცა ამას არავის ვაპატიებ. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ხელოვანი ხალხი არ დაფასდება", - განუცხადა სუხიტაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მან სტურუას ბოლო სპექტაკლ "ნადირობის სეზონზედაც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ უდევს.
"ნადირობის სეზონს" არანაირი პოლიტიკური თემა არ ედო. აქ აღწერილია ერთი მსახიობის განცდა. სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ყველაფერს ისე იგებს, როგორც სურს. რაც შეეხება რობიკოს წასვლას, ის თეატრიდან არ წასულა", - აღნიშნა ახალგაზრდა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ სტურუას რუსთაველის თეატრში დაბრუნების მოთხოვნით თეატრის წინ დღეს ხელოვანთა მორიგი აქცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.